21.10.2011


ჩვენ ღირსეული მემკვიდრეები ვართ , შენ?!
ჩვენი სოფლის ისტორიული ძეგლები
ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია
შიდა ქართლში  მრავალი ისტორიული ძეგლია, ბევრი მათგანის არსებობა საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის. ჩვენი მიზანია მოვიძიოთ ცნობები ხალხისათვის ნაკლებად ცნობილ ისტორიულ ძეგლებზე და გავაცნოთ საზოგადოებას.
ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში არაერთი ისტორიული ძეგლია, ერთ–ერთი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელიც გამოირჩევა თავისი მხატვრობით. ამ ეკლესიას დიდი, საინტერესო და მნიშვნელოვანი წარსული აქვს.
ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის მხატვრობაზე სინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ინგა ლორთქიფანიძე ნაშრომში „ნაბახტევის მხატვრობა“.
ნაბახტევის  ღვთისმშობლის  სახელობის   ეკლესია  მდებარეობს  ალის  ხეობაში,სადგურ  გომიდან  10–11  კმ–ის  დაშორებით .ეკლესია  აღმართულია  ალისწყლის ხეობაზე,მის  მთა–გორებზე  შეფენილ  სოფელზე.ოდესღაც   ამ  ხეობაზე  გადიოდა  ინტენსიური  სავაჭრო  გზა,რომელიც ლიხთიმერეთს აკავშირებდა  ლიხთამერეთთან...ეს გზა  ქალაქ  ალზე  გადიოდა .საუკუნეთა  განმავლობაში  ამ  ხეობამ  დაკარგა  თავისი  მნიშვნელობაც  და  გზაც.ახლა თბილისიდან  იმერეთში  მიმავალი  მგზავრი  ამ გზით  მხოლოდ განსაკუთრებულ  შემთხვევაში თუ ისარგებლებს.                                                                                                                                         
        ნაბახტევის ეკლესიამ ჩვენამდე  თითქმის  პირვანდელი  სახით  მოაღწია,თუმცა  დრომ  მას  დიდი  დაღი  დაატყო...ეს არის  დარბაზული ტიპის  ნაგებობა,გეგმით  ეკლესია  არაა  რთული  ნაგებობა.იგი შედგება  ბრტყელი  ნახევარწრიული  აფსიდისა  და შედარებით  მოკლე  სწორკუთხა  დარბაზისგან.პილასტებზე დაყრდნობილი   სამი  წყვილი  საბჯენი თაღი  დარბაზს სამ  თანაბარ  ნაწილად  ყოფს,მათ შესაბამისად  სამხრეთისა და  ჩრდილოეთის  კედელზე სამ–სამი დეკორატიული  თარია.
     
         ნაბახტევის ეკლესია,რომელიც  ოდესღაც მთლიანად  იყო  მოხატული  ,საუკუნეთა მანძილზე  ძლიერ დაზიანდა,მხატვრობის დიდი ნაწილი  ახლა უკვე განადგურებულია,ეკლესიაში შესულებს  თვალწინ  წარმოუდგებათ  მხოლოდ  შიშველი  კედლები,რომლებზეც ადგილ–ადგილ  შეიმჩნევა   მოხატულობების  ნაფლეთები.ეკლესიაში  იშვიათი  ფრაგმენტებიცაა  შემორჩენილი  მხოლოდ  ნაწილია  იმისა,რაც  ნაბახტევში შემორჩა .ფრესკების დიდი ნაწილი ,მათი  ავარიული  მდგომარეობის  გამო,ჩამოხსნილია,  ახლა უკვე ეკლესია სახურავის გარეშე დგას,მინაშენებიც  მონგრეულია...

          ა.ხახანაშვილს , რომელმაც პირველმა აღწერა  ნაბახტევის  მხატვრობა,ეკლესია  სახურავის გარეშე უნახავს,ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასასრულს.მაგრამ  ცუდი დაცულობის გამო , მოხატულობის მხატვრული  ღირსებები  ეჭვს  არც მაშინ  არ  იწვევდა , რომ იგი  ასეთი  უნიკალური  მხატვრობის  ნიმუში  იყო...
  სწორედ,ნაბახტევის  ღვთისმშობლის  ეკლესიაში   ივ. ჯავახიშვილსა და  ე.თაყაიშვილის  ინიციატივით საქართველოს  საისტორიო  საზოგადოებამ  და ქართველ ხელოვანთა  საზოგადოების  გამგეობამ 1916წელს   ნაბახტევში გამოგზავნა მხატვრები; ლ. გუდიაშვილი, გ.ერისთავი, მ. თოიძე, დ. შევარდნაძე, მ. ჭიაურელი. რომლებმაც, ეკლესიიდან ჩამოხსნეს ის მოხატულობები, რომლებიც სრული სახით დახვდათ, ი. ჯავახიშვილი ყურადღებას არ აკლებდა ნაბახტევში მიმდინარე პროცესებს იმის გამო, რომ მხატვრობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო საბოლოოდ გადაწყდა გადარჩენილი მხატვრობის ჩამოხსნა მთლიანად და მათი მუზეუმში გადატანა. ინიციატორი იყო: დ. შევარდნაძე, ეს მხატვრობები ახლაც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. აქვე ინახება ნაბახტევის ერთ–ერთი კომპოზიციიდან „ფხიზელი თვალიდან“ მხატვარ დავით კაკაბაძის მიერ შესრულებული პირი. იგი 1916 წლის ექსპედიციაში არ მონაწილეობდა, ეს პირი მისი დამოუკიდებელი მოგზაურობის შედეგი უნდა იყოს.                  
    საკურთხევლის მოხატულობა, რომელიც ადგილზეა საშუალებას გვაძლევს ერთგვარად მაინც შევავსოთ ეს ხარვეზები. ტაძარში  ზოგი ფრაგმენტი კარგადაა დაცული და მათი შინაარსის დადგენა ძალზე იოლია, ზოგი კი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მათი იდენტიფიცირება ძნელი იქნებოდა, ხელთ რომ არ გვქონდეს მისი პირი.
    ზოგადად დათარიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძეგლის შესწავლისას, სამეცნიერო ლიტერატურაში ნაბახტევის მხატვრობის შესრულების თარიღის შესახებ რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული.
    არც ა. ხახანაშვილი, არც ნ. ტოლმაჩევსკაია და არც შ. ამირანაშვილი არ ეხებიან ამ საკითხს, მაგრამ ივანე ჯავახისვილი, როცა „კოსტუმის ისტორიაში“ ნაბახტევში დაცულ ალექსქნდრე მეფის ჩაცმულობას განიხილავს წერს: „ჩვენ ვიცით რომ ნაბახტევი განაახლა და მოახატვინა ქუცნა ამირეჯიბმა და ეს ეკლესია უნდა იყოს სწორედ ის „ულუმბის ღვთისმშობლის“ სახელობაზე აგებული საყდარი, რომელიც მოხსენიებულია მის შეწირულობის წიგნში,სხვაგან იგი მათ მოიხსენიებს ერთი სახელით,როგორც „ულუმბო–ნაბახტევის“ძეგლს.ამ მოსაზრებას იზიარებს თ.ყაუხჩიშვილი,რომელიც მათ აგრეთვე ერთი სახელით_ნაბახტევის „ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისა ანუ ულუმბოს ღვთისმშობელი“_მოიხენიებს და ქუცნა ამირეჯიბის სიგელში ულუმბოს ტაძრის შესახებ მოტანილ ყველა ცნობას ნაბახტევის ეკლესიას მიაკუთვნებს.
     პირველად ნაბახტევი და ულუმბა  მოიხსენიება ვახუშტის „საქართველოს სამეფოს აღწერაში“, სადაც ვკითხულობთ „ვაყას ზეით არს ნაბახტევი და ნაციხარი“, „ალს ზეით არს ლიხის მთის კალთას ციხე ალისა ციხეს უკან არს სოფელი უწლევი მთაში...ამ ხევს ზეით არს მონასტერი ულუმბას ,უგუმბათო , დიდი , დიდშენი , მიქელ იგ მამათაგანის ქმნული და დაფლულ არს მიქელ მუნვე.“ აქ ნათლად ჩანს ,რომ ვახუშტისათვის ნაბახტევი და ულუმბა ორი განსხვავებული გეოგრაფიული პუნქტია . ულუმბას მონასტერი კი ერთ–ერთი საურელი მამის მიქაელის მიერ არის დაარსებული .
ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია კი საქართველოს მეფე ალექსანდრე I–ის ბაბუის ქუცნა ამირეჯიბის მიერ არის აგებული , სავარაუდოდ კი მოხატულია XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე I–ის დროს. ტაძარში ერთ–ერთ ფრესკაზე გამოსახულია ქუცნა ამირეჯიბი თავის მეუღლე რუსასთან ერთად.
     ეკლესიის გარშემო არის გალავნის ნანგრევები და გვირაბის გასასვლელი , რომელიც ჩამონგრეული და გასაწმენდია. თვითონ ტაძარიც ცუდ მდგომარეობაშია , სჭირდება რესტავრაცია . იოანე ღმერთშემოსილი ტაძრის წინამძღოლებმა მამა ლუკამ და მამა გაბრიელმა 2011 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას ჩაატარეს ღამისთევა, ეს საოცარი დღე იყო. ერთ–ერთი სასწაული ის იყო , რომ იმ დღეს კარგი ამინდი იყო ,რადგან ცუდი ამინდის შემთხვევაში წირვის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა.
ნაშრომი მოამზადეს : ელზა მაისურაძემ , ანა ოქროაშვილმა , ვერიკო შერაზადიშვილმა , ვენერა ხაჩიძემ.

15.10.2011

პროექტი–ჩვენ ღირსეული მემკვიდრეები ვართ, შენ?!


ჩვენ ღირსეული მემკვიდრეები ვართ , შენ?!
პროექტის სახელი„ჩვენი სოფლის ისტორიული ძეგლები“
პრორქტის მიზანიმოსწავლეებმა დაიწყონ ისტორიული ძეგლების მოვლა, გაფრთხილება, შესწავლა.მათ საქციელს მიბაძონ სხვა მოსწავლეებმაც.
პროექტის სრული აღწერა – საქართველოში IV სკ–ის 30–იან წლებში სვეტიცხოვლის ადგილას აიგო პირველი ეკლესია. მას შემდეგ ჩვენს სამშობლოში უამრავი ეკლესია–მონასტერი აიგო. ბევრმა მათგანმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, ზოგი სავალალო მდგომარეობაშია, ზოგიც შესანიშნავად გამოიყურება და მნახველს იზიდავს. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიზრუნოთ ისტორიულ ძეგლებზე, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ. ვთხოვთ ჩვენს თანატოლებს გაგვაცნონ მათ რაიონებში არსებული ძეგლების ისტორია. ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში არაერთი ისტორიული ძეგლია რომელთა არსებობა და ისტორიული მნიშვნელობა ბევრმა არ იცის.ერთ–ერთი მათგანია XIV-XV სს–ში აგებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც მეფე ალექსანდრე I დიდის (1412–1442) პაპას ქუცნა ამირეჯიბს აუგია. ეკლესია ალექსანდრე I მეფობის დროს მოუხატავთ. აქ იყო უნიკალური ნახატი ალექსანდრე I დედოფალთან ერთად, ქუცნა ამირეჯიბი ოჯახით, რომლებიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი. სოფლის მოძღვარმა მამა ლუკამ მრევლის დახმარებით დაასუფთავა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ჩაატარა პარაკლისი და წირვა.
მონაწილეთა ასაკი – 14 დან 17 წლამდე
ვადები–ხანგრძლივობა – 10 – 15 დღე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში – მოსწავლეები იღებენ მითითებებს, იყოფიან ჯგუფებად და იწყებენ პროექტზე მუშაობას.
Iჯგუფი – მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში და წიგნებში/ქუცნა ამირეჯიბის მოღვაწეობაზე/
IIჯგუფი – გაესაუბრება მოსახლეობას /ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორია/
IIIჯგუფი – მოაწყობს ლაშქრობას /ჩემი თვალით ნანახი ისტორიული ძეგლი/
IVჯგუფი – გაესაუბრება მოძღვარს /ისტორიული ძეგლების მნიშვნელობა/
Vჯგუფი – შეეცდება დაუკავშირდეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებს და მიიღოს მეტი ინფორმაცია კვლევის საკითხთან დაკავშირებით.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას – ურთიერთ თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ბუკლეტების დაბეჭვდა WORD–ის გამოყენებით. ისტორიული ძეგლების შესწავლა, დაცვა. პროექტს მიეცეს მაშტაბური სახე.
სარგებელი სხვებისთვის – თავიანთ თანატოლებს ჩართავენ საპროექტო მუშაობაში, ჯერ რაიონს და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით დაინტერესებულ პირებს გააცნობენ იმ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისათვის.
სამუშაო ენა – ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან – ჯერ არ გვყავს
საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი –ისტორია,ისტ–ი
პროექტის ხელმძღვანელი – ნათია ლობჟანიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა – n.lobjanidze25@gmail.com